სიახლეები

ფონდსა და ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკას შორის საპილოტე პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა
22.06.2018

2018 წლის 21 ივნისს, თელავში, ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში გაიმართა სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა და „ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისა და ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე ჯანდაცვის რეაგირების გაძლიერების საპილოტე პროექტის ოფიციალურად დაწყების ღონისძიება. საპილოტე პროექტის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ ქალთა და გოგონათა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის დროული გამოვლენის, მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, კლინიკის ბაზაზე მოხდება საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების  და შესაბამისი დოკუმენტირების ფორმების დანერგვა.

მემორანდუმს ფონდის მხრიდან ხელი მოაწერა ფონდის დირექტორმა ქალბატონმა მერი მაღლაფერიძემ, ხოლო ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის მხრიდან  - კლინიკის დირექტორმა ბატონმა ავთანდილ ყამბარაშვილმა.

ფონდი 2016 წლიდან, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - „ჯანდაცვის რეაგირება (პასუხი) ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ ძალადობაზე, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის /გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმების გაუმჯობესება ჯანდაცვის პერსონალის შესაბამისი მომზადებისა და სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების გზით. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სტანდარტული ოპერაციული პროცედურები ქალის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე და შესაბამისი დოკუმენტირების ფორმები, რომელიც ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო მითითებებს.

ფოტო გალერეა