სიახლეები

ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მუშაკებისათვის ტრენინგები გაიმართა
08.08.2017

31 ივლისს დასრულდა სსიპ ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ ორგანიზებით მიმდინარე ოთხ ეტაპიანი ტრენინგ-კურსი ჯანდაცვის მუშაკებისათვის, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობაზე ჯანდაცვის სექტორის  რეაგირების გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

მიმდინარე წლის ივლისის თვეში, 4 ეტაპად მიმდინარე ტრენინგ-კურსი გაიარა ჯანდაცვის 80-მდე მუშაკმა თბილისიდან და კახეთი რეგიონიდან. კონკრეტულად, ტრენინგ-კურსში მონაწილეობა მიიღეს კლინიკა კურაციოს, დავით გაგუას კლინიკის, აქსა მედიქალის, ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის, კახეთი-იონის ოჯახის ექიმებმა და გინეკოლოგებმა, ასევე გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულმა 30-მდე სოფლის ექიმმა.

ტრენინგ-კურის ფარგლებში სამედიცინო მუშაკებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის ფორმების, ოჯახში ძალადობის მახასიათებლების, მისი იდენტიფიცირების, ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული საკანონმდებლო რეგულაციებისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ. ისინი ასევე გაეცვნენ ძალადობაგამოვლილ ქალთან ურთიერთობისა სახელმძღვანელო პრინციპების, ე.წ სტანდარტულ სამოქმედო პროცედურას, რომელიც ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა“ და გაეროს მოსახელობის ფონდის თანამშრომლობით ქალთა მიმართ ჯანდაცვის რეაგირების საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გასულ წელს შემუშავდა. სწავლების ინტერაქტიული ხასიათის უზრუნველსაყოფად, ტრენინგ-კურსის ფარგლებში, აქტიურად გამოიყენება პრაქტიკული, ინტერაქტიული სავარჯიშოები.

ტრენინგ-კურსების ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის -  "ჯანდაცვის რეაგირება (პასუხი) ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ ძალადობაზე" - ფარგლებში, რომელიც სახელმწიფო ფონდისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პარტნიორობით,  2016 წლის ივლისიდან, ხორციელდება.  პროექტის მიზანია ოჯახში ძალადობის/გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმების გაუმჯობესებას ჯანდაცვის  პერსონალის შესაბამისი მომზადების გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOP) პილოტირებას ჯანდაცვის პირველ და მეორეულ რგოლებში, დაკვირვებას, და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შემდგომში, მის ინსტიტუციონალიზაციას ჯანდაცვის სისტემაში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი პასუხი ოჯახში ძალადობაზე/ქალთა მიმართ ძალადობაზე ქვეყანაში.