ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

ქუთაისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი)
20.08.2016

თავშესაფარში ჩარიცხვას ექვემდებარება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი/დაზარალებული (მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად).     

  • ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი  არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
  • დაზარალებული – ოჯახის წევრი, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ოჯახურ დანაშაულებსა (მუხლი 111) და ოჯახში ძალადობის (მუხლი 1261) დანაშაულზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაზარალებულად ცნობს  სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანო. აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს მიერ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულში დაზარალებულად ცნობილი ქალი.
  • დამოკიდებული პირი არის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის 18 წლამდე ასაკის შვილი, ასევე პირი, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის  მსხვერპლი/დაზარალებული.

 

  • სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი  არის პირი, რომლის მიმართაც, მისი განცხადებით, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ჩადენილია სექსუალური ხასიათის ძალადობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII-ე თავით გათვალისწინებულ ერთ-ერთი დანაშაულ(ებ)ი)  , რასთან დაკავშირებითაც მიმართული აქვს შინაგან საქმეთა ორგანოებისთვის ან პროკურატურისთვის და  დაწყებულია გამოძიება (დასტურდება შესაბამისის წერილით).
  • დაზარალებული  - პირი, რომლის მიმართაც უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ჩადენილია სექსუალური ხასიათის ძალადობა და რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII-ე თავით გათვალისწინებულ დანაშაულ(ებ)ზე  ცნობილია დაზარალებულად.
  • დამოკიდებული პირი არის სექსუალური ხასიათის ძალადობის  მსხვერპლის/დაზარალებულის 18 წლამდე ასაკის შვილი, ასევე პირი, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი/დაზარალებული.

  

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარში  პირი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ პირს (გარდა დამოკიდებული პირისა) არ აქვს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის სტატუსი;
  • უშუალოდ მისგან  არსებობს  სხვა ბენეფიციარებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების საფრთხე;
  • ჰყავს შინაური ცხოველ(ებ)ი/ფრინველ(ებ)ი (კატა, ძაღლი და სხვ.) და ითხოვს მასთან ერთად თავშესაფარში განთავსებას;
  • არის სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი/დაზარალებული და უარს აცხადებს, ჩაიტაროს სამედიცინო შემოწმება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

  

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარი ბენეფიციარებს უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებებით:

  • სადღეღამისო საცხოვრისით (თავშესაფარში);
  • ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;
  • სამართლებრივი დახმარებით;
  • საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებით; 

მიმაგრებული ფაილები

ქუთაისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის შინაგანაწესი PDF გადმოწერა