ხშირად დასმული კითხვები

  • კონკრეტულად რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა?

    ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ოჯახში ძალადობას აქვს ფარული და ხანგრძლივი ხასიათი, რადგან ხორციელდება ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ  ოჯახის სხვა წევრ(ებ)ის მიმართ და მისი სააშკარაოზე გამოტანა ყოველთვის არ ხდება. ოჯახში ძალადობა არა მხოლოდ  ცოლსა და ქმარს შორის არსებული კონფლიქტია, არამედ ოჯახში ძალადობად ითვლება  ოჯახის ნებისმიერი წევრის მიმართ განხორცილებული ფიზიკური,ფსიქოლოგიური, ეკონომიკური,  სექსუალური ძალადობა, იძულება, მშობლის მიერ შვილის ძირითადი უფლებების უგულებელყოფა. ფიზიკური ძალადობა შესაძლოა გამოიხატოს  ცემაში, წამებაში, ჭრილობის მიყენებაში, ნივთების სროლაში და ა.შ. ფსიქოლოგიური  ძალადობაა: ყვირილი, მუქარა, დამცირება და ა.შ. ეკონომიკური ძალადობა მოიცავს უარის თქმას საკვებისათვის, პირველადი და გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, აკრძალვას თანასაკუთრებაში არსებულ ქონებასთან, მათ შორის-ფინანსურ საკითხებთან, დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში და ა.შ. სექსუალური ძალადობის დროს ხდება სექსუალური კავშირის დამყარება ძალადობით, იძულებით, მუქარით და ა.შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ოჯახში ძალადობა დასჯადი ქმედებაა.

  • ვინ არიან ოჯახის წევრები?

    „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ოჯახის წევრად თვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი.

  • ვის უნდა მივმართოთ ოჯახში ძალადობის ფაქტის შემთხვევაში და როგორ იცავს კანონი ოჯახში ძალადობის მსხვერპლს?

    ოჯახში ძალადობის, ასევე მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხებზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე  - 116 006 და მიიღოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. ოჯახში ძალადობის ფაქტის დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას, უნდა დარეკოთ  - 112-ზე.

    სამართალდამცავი ორგანო(ებ)ი (საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია) ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას დაუყონებლივ ცხადდება შემთხვევის ადგილზე და გამოსცემს შემაკავებელ ორდერს (ერთ თვემდე ვადით), რითაც მოძალადეს უკრძალავს გარკვეულ მოქმედებებს (მიახლოება მსხვერპლთან, საერთო ქონებით სარგებლობა, იარაღის ტარება და ა.შ.) ან/და იწყებს გამოძიებას ოჯახური დანაშაულის საქმეზე.

    ოჯახში ძალადობის შემთხვევების არსებობისას,  მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, შეგიძლიათ, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, განცხადებით  მიმართოთ სასამართლოს (დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით).

     თუ სავარაუდო ოჯახში ძალადობის მსხვერლს არ სურს თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან, მას შეუძლია მიმართოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს, რომელიც მისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე იღებს გადაწყვეტილებას. ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფო უზრუნველყოფს თავშესაფრის მომსახურებით, ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით, სამართლებრივი დახმარებით, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით.

     

  • რამდენია თავშესაფრით სარგებლობის ვადა და რა მომსახურებებს ითვალისწინებს თავშესაფარი?

    თავშესაფრით მომსახურება ოჯახში ძალადობის მსხვერპლს შეუძლია 3 თვემდე ვადით მსხვერპლის/დაზარალებულის სტატუსის მოქმედების ვადის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრით სარგებლობის ხელშეკრულების ვადა შეიძლება გაგრძელდეს  3 თვის ვადით. ოჯახში ძალადობის მსხვერპლს თავშესაფარი უზრუნველყოფს ნორმალური არსებობისათვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილით, ოთხჯერადი კვებით,  ჰიგიენის საშუალებებით, საჭიროების შემთხვევაში ტანსაცმლით, სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მომსახურებით, სოციალურ რეინტეგრაციაში დახმარებით, საჭიროების შემთხვევაში  - თარჯიმნის მომსახურებით.

     

  • კონკრეტულად რას გულისხმობს ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

    ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ბიზნესი მსოფლიოში. ის მოიცავს ექსპლუატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა, მოტყუება) ან  უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლის განხორციელებას სხვა ადამიანზე, სექსუალურ ექსპლუატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას და ორგანოებით ვაჭრობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარმოადგენს დასჯად ქმედებას და სასჯელის სახით ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

  • ვინ არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი?

    ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც გადაჰყავთ ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ქვეყნის შიგნით მისი გაყიდვის ან ექსპლუატაციის მიზნით, რომელშიც მოიაზრება, როგორც კომერციულ-სექსუალური მომსახურების, ასევე, შრომის იძულება. საქართველოს კანონმდებლობით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი არის პირი, რომელსაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართალდამცავი ორგანოების ან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მიჩნეულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად.

  • კონკრეტულად რა ხერხებით ცდილობენ ტრეფიკიორები ადამიანთა გადაბირებას და რა უნდა გავითვალისწინოთ ადამიანით ვაჭრობისგან (ტრეფიკინგი) თავის დასაცავად?

    ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ორგანიზებული დანაშაულია. მასში ჩართული კრიმინალური ჯგუფები ადამიანთა გადაბირებას ცდილობენ ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში (ინტერნეტი, ჟურნალ-გაზეთები) საზღვარგარეთ მუშაობის ან სწავლის შესახებ განთავსებული განცხადებების მეშვეობით. ხშირია შემთხვევები, როდესაც  ადამიანთა გადაბირება ხდება ნაცნობებისა და ახლობლების მეშვეობით. პოტენციურ მსხვერპლს სთავაზობენ მუშაობას მოსამსახურედ, ძიძად, მოცეკვავედ, მოდელად, მიმტანად, სოფლის მეურნეობაში ან მშენებლობაზე. გადამბირებელი პოტენციურ მსხვერპლს იოლ სამუშაოს, კარგ ანაზღაურებას, უცხო ქვეყნის ნახვას და საინტერესო ცხოვრებას ჰპირდება. უმეტეს შემთხვევაში, მსხვერპლს არ მოეთხოვება კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და სამუშაო გამოცდილება, არც უცხო ენის ცოდნა. 

    სამწუხაროდ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, თქვენ მიერ არჩეული გზა უსაფრთხოების გარანტად ვერ ჩაითვლება. გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები:

    • გადაამოწმეთ ფირმის (ან სააგენტოს) საიმედოობა, რომელთან თანამშრომლობასაც აპირებთ. კერძოდ, რეგისტრირებულია თუ არა საქართველოში, ვინ არიან მისი დამფუძნებლები, რამდენი წელია რაც ფუნქციონირებს. საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება საჯარო და ნებადართულია.
    • მოითხოვეთ კონტრაქტი და ხელის მოწერამდე გააცანით ის იურისტს. გახსოვდეთ, რომ მასში ყველაფერი თქვენთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს დაწერილი.
    • დაინტერესედით საზღვარგარეთ თქვენი სამუშაო ადგილით და ანაზღაურებით. მოიპოვეთ მაქსიმალური ინფორმაცია დამსაქმებლის და უკვე განხორციელებული დასაქმებების შესახებ.
    • განსაკუთრებით სიფრთხილე გამოიჩინეთ პირად დოკუმენტებთან დაკავშირებით. ნურავის ანდობთ თქვენს პასპორტს
    • გახსოვდეთ, რომ საქართველოს უმრავლეს ქვეყანაში აქვს თავისი საელჩო და საკონსულო. გამგზავრებამდე მოიპოვეთ ინფორმაცია კონკრეტულ ქვეყანაში საქართველოს წარმომადგენლობის შესახებ. ჩასვლისთანავე მიაკითხეთ მას და დააფიქსირეთ თქვენი ჩასვლა და დატოვეთ პირადი დოკუმენტების ასლები.
    • არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ საზღვარგარეთ წასვლას შესაბამისი ნებართვის - ვიზის გარეშე. გახსოვდეთ, რომ თუ დოკუმენტები წესრიგში არ გექნებათ, უფრო ადვილად აღმოჩნდებით დამნაშავეთა ხელში.

    თუ თქვენ გახდით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, ფლობთ ინფორმაციას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის თაობაზე ან აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ და გაქვთ კითხვები, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:

     

    2 100 229 - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

    112 - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის  ცხელი ხაზი. 

    2 411 714 - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ცხელი ხაზი.

  • როგორ იცავს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს?

    ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს სახელმწიფო უზრუნველყოფს თავშესაფრის მომსახურებით (3 თვემდე ვადით), ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით, სამართლებრივი დახმარებით, ერთჯერადი კომპენსაციით, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით. თქვენი  უსაფრთხოების დაცვა და რეაბილიტაციის ღონისძიებები განხორციელდება თქვენივე თანხმობით და თქვენი პერსონალური მონაცემების სრული გასაიდუმლოებით. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო გასაიდუმლოვდება თქვენი ვინაობა, მისამართები და სხვა პერსონალური ინფორმაცია. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს ეძლევა 30 დღიანი მოსაფიქრებელი ვადა გადაწყვეტილების მისაღებად, ითანამშრომლებს თუ არა სმართალდამცავ ორგანოებთან. მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში იგი თავისუფლდება ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. დაზარალებულს და მოწმეს, ასევე იმ პირებს, რომლებიც მათ სამართლებრივ დაცვასა და დახმარებას უწევენ, უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს მოითხოვონ თავიანთი და ოჯახის წევრების პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  • ვინ ექვემდებარება ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვას და ვის უნდა მივმართოთ ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში?

    ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვას ექვემდებარება საქართველოს მოქალაქე მამაკაცი 65 წლიდან და ქალბატონი 60 წლიდან, ასევე  შშმ პირი 60 წლის ასაკიდან, გარდა ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირისა.

    პანსიონატში ჩასარიცხად წერილობით უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, შეავსოთ განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე (განაცხადში უნდა მიეთითოს სასურველი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულ(ებ)ი) და წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).

    თუ სააგენტოს მიმართავს ხანდაზმულთა პანსიონატში ჩასარიცხი პირის კანონიერი წარმომადგენელი, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ზემოთ მითითებულ დოკუმენტებთან ერთად, ასევე უნდა წარედგინოს:

    • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
    • მაძიებლის (ხანდაზმულთა პანსიონატში მოსათავსებელი პირის) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.

    პირის ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო (სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო).

    პანსიონატში ჩარიცხვას არ ექვემდებარებიან პირები:

    • მწვავე ინფექციური დაავადებით;
    • ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;
    • აქტიური სიფილისით;
    • კანის გადამდები დაავადებით;
    • თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით;
    • ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით.
  • რას ითვალისწინებს ხანდაზმულთა პანსიონატების მომსახურება და რამდენი ხანდაზმულთა პანსიონატი არსებობს?

    ფონდის ბაზაზე ფუნქციონირებს ორი ხანდაზმულთა პანსიონატი (ქუთაისში და თბილისში).  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ორგანოებში (ფილიალებში) მცხოვრებ ბენეფიციართა ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად ამ დროისათვის ბენეფიციართა ჩარიცხვა არ ხორციელდება „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში“.

    პანსიონატი უზრუნველყოფს ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნას, სადღეღამისო მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა მოვლა-პატრონობას, კვებას, პირველად სამედიცინო მომსახურებას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებას/ორგანიზებას.

  • ვინ ექვემდებარება შშმ პირთა პანსიონატში ჩარიცხვას და ვის უნდა მივმართოთ შშმ პირთა პანსიონატში ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში?

    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის ბაზაზე არსებული დუშეთის, მარტყოფისა და ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატებში. შშმ პირთა პანსიონატებში ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მის რაიონულ განყოფილებებს.

    შშმ პირთა პანსიონატში მოთავსებას/ჩარიცხვას ექვემდებარება შშმ სრულწლოვანი პირი, კერძოდ:

    დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში ჩარიცხვას ექვემდებარებიან შეზღუდული შესაძლებლობის (გონებრივი ჩამორჩენილობის (F71.0), აგრეთვე ფიზიკურად უნარშეზღუდულობის) მქონე სრულწლოვანი პირები;

    მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში ჩარიცხვას ექვემდებარებიან შეზღუდული შესაძლებლობის (გონებრივი ჩამორჩენილობის (F70.1, F70.8, F70.9, F71.0, F71.1, F71.8, F71.9, F72.0, F73.0), აგრეთვე სხვა ფსიქიკური აშლილობების გამო განვითარებული მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის) მქონე სრულწლოვანი პირები;

    ძევრის შშმ პირთა პანსიონატში ჩარიცხვას ექვემდებარებიან შეზღუდული შესაძლებლობის (გონებრივი ჩამორჩენილობის (F70.1, F70.8, F70.9, F71.1, 71.8, 71.9, F72.0, F72.1, F72.8, F72.9, F73.0, F73.1, F73.8, F73.9), აგრეთვე სხვა ფსიქიკური აშლილობების გამო განვითარებული მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის) მქონე სრულწლოვანი პირები.

  • რას ითვალისწინებს შშმ პირთა პანსიონატების მომსახურება?

    შშმ პირთა პანსიონატები და შშმ ბავშვთა სახლი უზრუნველყოფს ბენეფიციარებს სადღეღამისო მომსახურებით, პირველადი სამედიცინო მომსახურებით, საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით. სადღეღამისო მომსახურება გულისხმობს დღის განმავლობაში ოთხჯერად კვებას, პირადი ჰიგიენის დაცვას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ფსიქოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფას, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, სოციალურ რეაბილიტაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და პრაქტიკული ყოფითი უნარებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების  განვითარებას.

  • ვის შეუძლია თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობა?

    კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს.

    ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისგან (თავშესაფარი) განსხვავებით კრიზისული ცენტრი ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს სადღეღამისო მომსახურებით უზრუნველყოფს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს/ დაზარალებულს კი სთავაზობს არასადღეღამისო მომსახურებებს.

  • რას მოიცავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თბილისის კრიზისული ცენტრის მომსახურებები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის?

    კრიზისული ცენტრი ოჯახში ძალადობის მსხვერპლს უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებებით:  ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით, სამართლებრივი დახმარებით, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით. კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია 3 თვემდე ვადით, საჭიროების შემთხვევაში სარგებლობის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით. ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის/დაზარალებულისთვის კრიზისული ცენტრის მომსახურება არ მოიცავს სადღეღამისო საცხოვრისით სარგებლობას.

  • ვინ არის ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი და რამდენი ხნით შეუძლია ისარგებლოს კრიზისული ცენტრის მომსახურებით?

    ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და კრიზისული ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი სპეციალური კითხვარის საფუძველზე დაადგენს ამ პირის მიმართ ოჯახის წევრის მიერ ოჯახში ძალადობის (ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობა, იძულება, უგულებელყოფა) განხორციელების სავარაუდო ფაქტს. კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობა ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს შეუძლია არაუმეტეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადით. ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დადგენისთვის დაწყებული პროცედურები არ არის დასრულებული. ასეთ შემთხვევაში კრიზისული ცენტრით სარგებლობის ვადა გაგრძელდება პროცედურების დასრულებამდე, კერძოდ:

    ა) დამცავი ორდერის გამოცემის/გამოცემაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე;

    ბ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

  • რას მოიცავს თბილისის კრიზისული ცენტრის მომსახურებები ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთათვის?

    კრიზისული ცენტრი ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად) უზრუნველყოფს შემდეგი მომსხურებებით:

    ა) სადღეღამისო საცხოვრისით  (ნორმალური არსებობისათვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა, დღის განმავლობაში ოთხჯერადი კვება) (კრიზისულ ცენტრში);

    ბ) ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით;

    გ) პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;

    დ) სამართლებრივი დახმარებით (ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე);

    ე) საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებით.

  • ვის შეუძლია სარგებლობა ბავშვთა სახლების მომსახურებებით და ვის უნდა მივმართოთ?

    ბავშვთა სახლში მოთავსებას/ჩარიცხვას ექვემდებარება მზრუნველობამოკლებული ბავშვი, კერძოდ:

    თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ჩარიცხვას ექვემდებარება 0–დან 7 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვი.

    კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში ჩარიცხვას ექვემდებარება 6–დან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული შშმ ბავშვი.

    ბავშვთა სახლში გაწეული მომსახურება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

    ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მის რაიონულ განყოფილებებს.

  • რას მოიცავს ბავშვთა სახლის მომსახურებები?

    ბავშვთა სახლი უზრუნველყოფს:

    ა) ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას;

    ბ) დღის განმავლობაში ოთხჯერად კვებას;

    გ) ბენეფიციარის განათლების მიღების ხელშეწყობას;

    დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და პრაქტიკული ყოფითი უნარების განვითარებას;

    ე) პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებას და საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;

    ვ) ფსიქოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფას;

    ზ) ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება ბენეფიციარის სრულფასოვან განვითარებას.